ვახტანგ მეგრელიშვილი: მე კი მომწონს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, მაგრამ მეორე საკითხია გულწრფელად მჯერა თუ არა, რომ მათ მართლა სჯერათ მისი პუნქტების მნიშვნელობის

„ნაციონალურ მოძრაობას“ მართლა სჯერა იმ პუნქტების მნიშვნელობის და მართლა იმის გამო მოაწერა ხელი?!, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.

„მე კი მომწონს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, მაგრამ მეორე საკითხია გულწრფელად მჯერა თუ არა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მართლა სჯერა იმ პუნქტების მნიშვნელობის და მართლა იმის გამო მოაწერა ხელი, რომ კონსტიტუციის ცვლილება სჭირდებათ ან ბარიერის დაწევა უნდათ?! არის კიდევ იქ რაღაც საკითხები. ნეტა ასე იყოს და მე ვცდებოდე“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იქამდე დოკუმენტს მხოლოდ ოპოზიციის ნაწილის ხელმოწერა ჰქონდა.

„ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად 28 ივლისს გამოაცხადა. პარტიამ მთავარ მიზეზად სწორედ ის გარემოება დაასახელა, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტიის – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმოწერა არ ჰქონდა.