ბადრი ჯაფარიძე: 2 ოქტომბრიდან უნდა დავიწყოთ თბილისის განვითარების სრულიად ახალი სტრატეგია – „ოცნება“ თბილისის მართვას უნდა ჩამოვაცილოთ

2 ოქტომბრიდან უნდა დავიწყოთ თბილისის განვითარების სრულიად ახალი სტრატეგია, რომელიც მორგებულია თითოეულ მოქალაქეზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2 ოქტომბრიდან დასრულდება ქალაქის ქაოტური განაშენიანება.

„ეს ადგილი არის დემონსტრირება, რატომ უნდა ჩამოვაცილოთ „ქართული ოცნება“ თბილისის მართვას. ეს არის სრული უგულვებელყოფა აქ მცხოვრები მოქალაქეების. ის გეგმა, რომელიც დამტკიცებული აქვს თბილისის მერიას და საკრებულოს, საბოლოო ჯამში, მოგვიტანს სრულიად გაუსაძლის პირობებს არა მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღეს აქ ცხოვრებენ, არამედ რომლებიც ახალ სახლებში უნდა შესახლდნენ. ასეთი მშენებლობები უნდა დასრულდეს.

მე ვაპირებ, ყველა იმ ადგილას მივიდე თბილისში, სადაც ანალოგიური მდგომარეობაა, რადგან ყველგან ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, 2 ოქტომბრიდან ჩვენ ამას დავასრულებთ, დავასრულებთ ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, ისეთს, რომლის წყალობითაც ადამიანები იღებენ ისეთ საცხოვრისს, სადაც არ რჩებათ თავისუფალი სივრცეები, ჰაერი, ბინები, სადაც არ აღწევს სინათლე. ამიტომ, 2 ოქტომბრიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ სრულიად ახალი სტრატეგია თბილისის განვითარების, რომელიც მორგებულია ადამიანსა და თბილისის თითოეულ მოქალაქეზე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.