ჩვენი მიზანია, 10 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე მშპ გახდეს 10 000 დოლარზე მეტი – პრემიერი

7 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება სოფლის მეურნეობის მიმართულებით, 2 მილიარდ 500 მილიონის ინვესტიციას ვგეგმავთ ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად და 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დასაფინანსებლად, რითაც 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა განსაზღვრული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ხონის მერობის კანდიდატის, ლადო ჯურხაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ პროგრამებზე და აღნიშნა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით.

„ამ 30 წლის განმავლობაში, მუდმივად რაღაც ძიებაში ვართ და ეს ყველაფერი არასწორი ხედვების, არასწორი გეგმების და არასწორი პოლიტიკის შედეგად. ჩვენი პოლიტიკა, რაც დავიწყეთ, ეს იყო ხალხზე, ბიზნესზე ორიენტირებული პოლიტიკა. მცირე, საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით, უამრავი პროგრამა განვახორციელეთ. ახლა ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა მთელს მსოფლიოში. ოპონენტები გვეტყვიან, რომ შეიძლება მათთვის ეს ნაკლებად სასიხარულოა, მაგრამ მესმის მათი. გვაქვს 12,2 პროცენტი ეკონომიკური ზრდა პირველ 7 თვეში, რაც არის მართლაც უპრეცედენტო და ბოლო 8 წლის განმავლობაში თუ გადახედავთ, რეგიონში გვაქვს მართლაც სერიოზული ეკონომიკური ზრდა. ჩვენი მიზანი არის, რომ 10 წელიწადში ქვეყანამ შეძლოს ეკონომიკის გაორმაგება და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი გახდეს 10 ათას დოლარზე მეტი – ეს არის სავსებით შესაძლებელი, დათვლილი, გააზრებული და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან სერიოზულ პროექტებს განვახორციელებთ. ყველაფერი ის, რაც ჩამოვთვალე, იმ პროექტების ნაწილია, რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, – აღნიშნა პრემიერმა.