ირაკლი კობახიძე: არცერთ შემთხვევაში არათუ კახა კალაძისთვის არ შეუძლია გახარიას 10%-ის წართმევა, საერთოდ ვერ აიღებს სავარაუდოდ 10%-ს თბილისში

არცერთი რეიტინგით კახა კალაძეს არ ჰქონდა 60%-ზე ნაკლები. 10% არის ძალიან დიდი ფორა და არცერთ შემთხვევაში არათუ კახა კალაძისთვის არ შეუძლია გახარიას 10%-ის წართმევა, საერთოდ ვერ აიღებს სავარაუდოდ 10%-ს თბილისში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერის პოპულარიზაციით „პარტიული ტელევიზიები“ არიან დაკავებულები, რაც გახარიასთვის მიცემულ „დავალებას“ უკავშირდება, თუმცა ამ ეტაპზე კობახიძე არ აკონკრეტებს ვინ გასცა ეს დავალება.

„ძირითადად, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გახარია ხმებს ართმევს მაინც ოპოზიციას. იმიტომ რომ მისი „გამპიარებლები“ არიან სწორედ მათი პარტიული ტელევიზიები. გუშინ იხილეთ „ტვ პირველზე“ მათი სტუდიის ფერები და ლოგოებიც კი გახარიაზე მორგებული იყო. გახარიას მთავარი „გამპიარებელი“ არის „ტვ პირველი“, თუმცა სხვა ტელევიზიებიც არ აკლებენ ამ კუთხით. პირდაპირ ჩანდა ეს გუშინდელ ეთერში. ეს ყველაფერი არის იმ დავალებასთან დაკავშირებული. ძალიან მარტივი, ზედაპირული გათვლაა, რომ გახარია თუ იქნება რეიტინგული, ის დააჯდება ჩვენს ხმებს და იქნებ რამენაირად მელია გაიყვანოს მეორე ტურში. ეს არის დავალება და აქედან გამომდინარე, გადაწყვიტეს რამენაირად რეიტინგი აუწიონ გახარიას. მაგრამ ეს რეიტინგი აიწევა, ისიც თუ აიწია, არა ჩვენ ხარჯზე, არამედ მათი პარტიების ხარჯზე“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არის გარკვეული კავშირები გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის.

„ეს კავშირებიც არსებობს და ამ კავშირების გამოხატულებაა ზუსტად, რომ მათი ტელევიზიები „აპიარებენ“ გახარიას. ეს კავშირები რა თქმა უნდა არსებობს, დაფინანსების ხაზითაც გვაქვს გარკვეული ინფორმაცია. მაგრამ რაც შეიძლება კონკრეტიკას, ვერსია არის ცოტა განსხვავებული, მაგრამ დღეს არ მინდა ამაზე საუბარი“, – აღნიშნა კობახიძემ.