“პუტინის მეგობრების და პარტნიორების მიმართ ვერ ვიქნებით კეთილგანწყობილი მასპინძლები!”

ირაკლი ღლონტი

“რეფორმატორების” თავმჯდომარე

-“მსურს მივმართო საქართველოს მთავრობის მეთაურს, ბატონ კვირიკაშვილს და სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს, რათა არ დაუშვან მორიგი რუსული საფრთხის მიმართ უპასუხისმგებლობის გამოხატვა და უარი ეთქვას რუსული საფრთხის მატარებელ ორგანიზაციას ,,ღამის მგლებს” საქართველოში შემოსვლაზე.

აქვე მოვუწოდებ შს მინისტრს, შსს-ში შექმნილ კომისიაში იმსჯელონ ე.წ. შავი სიის ფორმირებაზე, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ემოციური განხილვები და ყველა ის ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც უპატივცემულობას გამოხატავს ქართული სახელმწიფოს და ხალხის მიმართ, შეყვანილ იქნან ამ ნუსხაში.

ხელისუფლების მხრიდან დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის გამოხატვის შემთხვევაში მაღალი ალბათობით 9 მაისს ჩვენ დავდგებით ახალი რუსული საფრთხის წინაშე და პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს.

პუტინის მეგობრების და პარტნიორების მიმართ ვერ ვიქნებით კეთილგანწყობილი მასპინძლები, პროვოკაციის თავიდან აცილების პირდაპირი ვალდებულება აკისრია ხელისუფლებას!”