“სტანდარტიზებული შეფუთვის თემა მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკაა…”

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში კომიტეტის მოწვევით იმყოფებიან.

შეხვედრაზე კანონპროექტთა პაკეტისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრეს. ექსპერტებმა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ მოსაზრებები და ზოგიერთი სადავო ნორმის შესახებ კონკრეტული არგუმენტები გააცნეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აკაკი ზოიძემ განაცხადა, ექსპერტებმა გარკვეული ზომების მიღებისთვის ვადების გადაწევა, ასევე, სტანდარტიზებული შეფუთვის საკითხი დადებითად შეაფასეს.

ექსპერტებმა მხარდაჭერა დაგვიდასტურეს და კმაყოფილება გამოთქვეს, რომ საკმაოდ წარმატებულად დავასრულეთ კონსულტაციები მეორე მოსმენასთან დაკავშირებით, მათ შორის, მთავრობასთან, შევთანხმდით რიგ საკითხებზე, რომლებიც შენიშვნების საგანი იყო, მათ შორისვადებთან დაკავშირებით, კონტროლის, თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან კომპენსაციების საკითხები, თამბაქოს ინდუსტრიის მონაწილეობა საზოგადოებრივ ჯანდაცვით გადაწყვეტილებებში, ფილმებში და შოუებში თამბაქოს მოხმარების ჩვენებაარ ჩვენების საკითხი. კომპრომისული ვარიანტის მიხედვით, მხოლოდ დემონსტრირების წინ და დემონსტრირების ბოლოს იქნება გამაფრთხილებელი წარწერები და კონკრეტული პროდუქციის სხვა ესთეტიკურ თუ კულტურულ ღირებულებას არ შევეხებით. ასევე, ძალიან მოიწონეს ინიციატივა,რომ დამატებით ვადები გადაიწია გარკვეული ზომების მიღებისთვის, მაგრამ იმავდროულად, შემოვიდა სტანდარტიზებული შეფუთვის თემა, რომელიც დადებითად შეაფასეს, იმიტომ, რომ ეს საკმაოდ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკაა“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ხელმძღვანელი კრისტინა სტენდერ მაიერი, ექსპერტი ენდრიუ ვილიამ ბლეკი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ოსკარ კაბრერა და დირექტორის მოადგილე სარა როუჩი, ასევე, გაეროს კოორდინატორის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ექსპერტთა ჯგუფი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვას დაესწრო.