გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა აგვისტოში უკანონო ტყითსარგებლობის 190 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, გამოავლინეს ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 156 ფაქტი, მათ შორის, 5 – სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 86 ფაქტი კახეთის რეგიონში გამოვლინდა, 30 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 6, სამართალდარღვევის 11 ფაქტი გამოვლიდა ქვემო ქართლში, 8 ფაქტი – შიდა ქართლში, აჭარაში – 2, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 7, მცხეთა-მთიანეთში – 1, ხოლო გურიის რეგიონში 2 ფაქტი გამოვლინდა. 2021 წლის აგვისტოში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს.

„გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამურად, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 186 მ3-მდე ხე-ტყე. საანგარიშო პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 32 ფაქტი, ამოღებულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი.

სამართალდარღვევათა შესახებ მოპოვებული მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.