სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბანგლადეშის 8 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ბანგლადეშის რესპუბლიკის 8 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.