კახა კუჭავა: ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ჩვენი მიზანია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია

დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრები გვაქვს დაგეგმილი. შევხვდებით ავსტრიის კანცლერს, ვისაუბრებთ აზერბაიჯანის, სამხრეთ კორეის, შვედეთის და სლოვენიის სპიკერებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ვენაში ვიზიტისას განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია მათთან ვისაუბროთ ჩვენს გეგმებზე, დღის წესრიგზე, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვებს ევროპასთან. იმ მხარდაჭერას, რომელსაც ვისმენთ პარლამენტის თავმჯდომარეებისგან გუშინაც და დღესაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ საქართველო დგას ევროპულ გზაზე და რის მიღწევასაც ჩვენი ქვეყანა მათთან ერთად აპირებს ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხვდებიან, თუ რამდენად ძლიერები ვართ ამ პოზიციის ბოლომდე მისაყვანად“, – განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, კახა კუჭავას ვიზიტი ავსტრიაში 7 სექტემბერს დაიწყო.