სურს მონაწილეობა მიიღოს 29 ნოემბრის სხდომაზე და უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს – მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი თავს საკმაოდ სუსტად გრძნობს, თუმცა ამის მიუხედავად, აქვს სურვილი, 29 ნოემბერს ჩანიშნულ სასამართლოს პროცესში მონაწილეობა მიიღოს.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, წარმოუდგენელია, ადამიანის მიმართ თუნდაც პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს და მას საკუთარი საქმის განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცეს.

“მიუხედავად ექიმების მხრიდან დამაიმედებელი კომენტარებისა, ვიზუალურად შეინიშნება საკმაოდ გამოხატული სისუსტე და სავარაუდოდ, ეს დამახასიათებელია პოსტ შიმშილობის პროცესისთვის. მიუხედავად ამისა, მას აქვს სურვილი რომ მონაწილეობა მიიღოს 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლოს პროცესში და პრინციპში, უსამართლო სასამართლოს უფლებით მაინც ისარგებლოს.

წარმოუდგენელია, ადამიანის მიმართ თუნდაც პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდებოდეს და მას არ ეძლეოდეს საშუალება, მიიღოს მონაწილეობა საკუთარი საქმის განხილვაში. ბუნებრივია, არ გვაქვს ილუზია, რომ ამ სასამართლოში შესაძლებელია სიმართლის მიღწევა, ივანიშვილი აკონტროლებს სასამართლოს თავიდან ბოლომდე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ქართულ საზოგადოებას მიმართოს თუნდაც სასამართლო სხდომათა დარბაზიდან”, – თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა