კახა კალაძე: მინდა, ყველას მოვუწოდო, კეთილი ინებონ და ჩააბარონ ნარკოტესტი, მარტო სიტყვებით ნუ შემოიფარგლებიან

კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო, კეთილი ინებონ და ჩააბარონ ნარკოტესტი. მარტო სიტყვებით ნუ შემოიფარგლებიან, რომ აუცილებლად იზამენ ამას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოლოგიური ტესტის ჩაბარების მიზანი ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ხელი შევუწყოთ ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. აუცილებელი არ არის, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ მე, თქვენ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობებმა, ყველა ასაკის ადამიანმა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის! ეს ყველაფერი ისევ ჩვენ გამოგვადგება“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა ნარკოტესტი 6 სექტემბერს ჩააბარა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს დატოვების შემდეგ კახა კალაძემ ოპონენტებსაც მოუწოდა, რომ ნარკოტესტი ჩაიტარონ და საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.