შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი: მოვითხოვ, აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული

ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი სოფიო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ აპირებს, საკუთარი მარწმუნებლის გათავისუფლება აღკვეთის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენების გარეშე მოითხოვოს.

„გადმომეცა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო – საქმის მასალები. დეტალურად გავეცნობი და ჭორის დონეზე არ ვისაუბრებ, კონკრეტულად მეცოდინება. დაახლოებით, 8-9 ტომია. მას შანაე ბრუკთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, შემხებლობაშიც არ არის. არაერთი ისეთი პირია გამოკითხული, ვინც ამ საქმესთან შემხებლობაში არ ყოფილა. მათგან ერთ-ერთია ისიც. ვნახოთ, ბრალდების მხარე რას მოითხოვს. მოვითხოვ, აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ იყოს გამოყენებული“, – აცხადებს ადვოკატი.

ავსტრალიელი პედაგოგის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ საქართველოს მოქალაქე რაფაელ მურსაკულოვი ბრალს დღეს წარუდგენენ. 33 წლის კაცი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.