ალტ-ინფოს, რომლის დამფუძნებლის დაკავებასაც ომბუდსმენი ითხოვს, ეროვნული მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა

ორგანიზაცია ალტ-ინფოს ეროვნული მაუწყებლის სტატუსი მიენიჭა. გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით, ალტ-ინფოს მაუწყებლობა შეზღუდული აღარ იქნება და საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მოსახლეობას შეეძლება გადაცემების ნახვა.

“მნიშვნელოვანი იყო, რომ პროკურატურას დროულად შეეფასებინა ეს გარემოებები, დროულად გამოეძიებინა ეს ყველაფერი, თუმცა ვნახეთ, რომ ძალადობრივ მოწოდებებთან მიმართებით და ძალადობის ორგანიზებასთან პროკურატურის და გამოძიების რეაგირება არის ნული. ამდენად, რომ ყოფილიყო დროული და ეფექტური რეაგირება ამ საკითხთან მიმართებით, შესაძლებელი დადგენილიყო გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლის შემდეგაც, ამ საკითხის გადაწყვეტა კომუნიკაციის კომისიას უკვე აღარც მოუწევდა”,-თქვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე ალტ-ინფოს დამფუძნებლის, ზურაბ მახარაძის პასუხისმგებლობაზე 6 სექტემბერს სახალხო დამცველმაც ისაუბრა. ნინო ლომჯარიას თქმით, მან პროკურატურას მიმართა, რომ მახარაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

როგორც ლომჯარია განმარტავს, მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალებით ირკვევა, რომ 5 ივლისამდე ზურაბ მახარაძე “თბილისი პრაიდისა” და “სირცხვილიას” წევრების მიმართ ძალადობას აანონსებდა, ამასთან ის ჟურნალისტებზე ძალადობაზეც საუბრობდა.

რადიკალური და ჰომოფობიური დაჯგუფებების ძალადობის შედეგად 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა