ირაკლი ღარიბაშვილი – რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას?! იმიტომ, რომ კარგად იციან, მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი ხელისუფლებაში დაბრუნება

ერთადერთი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ ჰიპოტეტურად ხელისუფლებაში დაბრუნების არის არეულობა, რაღაც დესტრუქცია და რევოლუცია და იმ დროს არ უნდა იყოს არც ერთი ავტორიტეტი ქვეყანაში, არც ერთი ავტორიტეტული პირი, ინსტიტუტი, სწორედ ამას ემსახურება პროპაგანდისტული, მიზანმიმართული მუშაობა. უნდა ითქვას, რომ ისინი იყენებენ ფაშისტურ პროპაგანდისტულ მეთოდებს და ამ უწყვეტი პროპაგანდის რეჟიმში მოსახლეობას აჩვენებენ ჯოჯოხეთს სამოთხედ და ახლა პირიქით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და კეთილდღეობა, უმუშევრობის დაძლევა და ეკონომიკის განვითარება, რის უზრუნველყოფასაც დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს.

„როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ როცა თუნდაც ჩვენს გვერდით დროებით დაკარგულ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” უყურებენ ასეთ არასტაბილურ პოლიტიკურ ვითარებას, უყურებენ როგორ დესტრუქციულად იქცევიან ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ აპოკალიპტურ სურათს ქმნიან ყოველდღიურად ტელევიზიის მეშვეობით, თავს ესხმიან ყველა ინსტიტუტს, ეკლესიას, პატრიარქს, ინსტიტუტებს, როგორიც არის პოლიცია, ჯარი, სასამართლო, არც ერთი წმინდა ადგილი არ დატოვეს მათი გარყვნილი პროპაგანდისტული მანქანა რომ არ შეეხო, მაგრამ ხალხი ბრძენია და ხალხი ძალიან კარგად არჩევს თეთრსა და შავს, ტყუილსა და სიმართლეს. რატომ ესხმიან თავს პატრიარქს, ეკლესიას, ჯარს, პოლიციას, ყველაზე მაღალრეიტინგულ ავტორიტეტულ პირებს თუ ინსტიტუტებს, იმიტომ, რომ მათ კარგად იციან, რომ მშვიდობიან პერიოდში და მშვიდობიან სიტუაციაში გამორიცხულია მათი დაბრუნება ხელისუფლებაში, თეორიული შანსიც კი დაკარგეს მათ.

ჩვენ არ ვიცით ახლა რა ვითარებაა და რა ვითარება იყო 9 წლის წინ?! რა ვითარება იყო ციხეებში, თუნდაც. როგორ უღირსად ექცეოდნენ თავად ეს მჩაგვრელი პატარა კაცები ჩვენს მოქალაქეებს, საკუთარ თანამოქალაქეებს, ძმებსა და დებს. ჩაგრავდნენ 24 საათის განმავლობაში: ცემა, შეურაცხყოფა, გაუპატიურება,დაჩაგვრა. ადამიანების ოჯახებს უნადგურებდნენ პირდაპირი მნიშვნელობით, აღარაფერს ვამბობ, რომ ბიზნესები იყო დატერორებული და ვერც ერთი ბიზნესმენი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად. მათი მჩაგვრელი ხელი ყველას და ყველაფერს შეეხო და გაუსაძლისი იყო ქვეყანაში ცხოვრება და ისიც კარგად ვიცით, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ დღესაც ეს მჩაგვრელი, ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები იქნებოდნენ ხელისუფების სათავეში. ჩვენ გამოვდივართ, ვესაუბრებით მოსახლეობას გეგმებზე, ხედვაზე, მათი მხრიდან ვინმეს თუ მოუსმენია ამ ხნის განმავლობაში რაიმე ხედვა, კონკრეტული გეგმა, გადაწყვეტის გზები? არავითარი! რა გადაწყვეტილება და რა ხედვა უნდა წარმოადგინოს, მაგალითად, სააკაშვილმა, ბოკერიამ, ადეიშვილმა, გვარამიამ, კეზერაშვილმა, მერაბიშვილმა, ახალაიებმა? დღეს უნდა აღინიშნოს, სამწუხაროდ, მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი 20-25% არის ჯერ კიდევ შეცდენილი, ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ადამიანების უნარი არის ფართო მასების შეცდომაში შეყვანა. მე მჯერა, რომ ჩვენი ხალხი ბრძენია და ის სწორ არჩევანს აკეთებდა და გააკეთებს კიდევაც,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.