ირაკლი ღარიბაშვილი – შეხედეთ ჩვენს ოპონენტებს, არავინ საუბრობს არც ხვალინდელ დღეზე, არც ხედვებზე, რადგან არ გააჩნიათ, მათი ერთადერთი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, ჯერ კიდევ მწვავე გამოწვევად რჩება სიღარიბე და უმუშევრობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების” დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის პროექტი და პროგრამა, რომელიც განხორციელდება, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის, მთავარი მტრის დასამარცხებლად უნდა იყოს გამიზნული და ორიენტირებული.

„ჩვენთვის არ არსებობს სხვა გამოწვევა, გარდა ოკუპაციისა, სიღარიბისა და უმუშევრობისა. ამ სამ მთავარ გამოწვევაზე უნდა ვკონცენტრირდეთ და ვფიქრობ, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ოკუპაციის გამოწვევასაც, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს და ასეც არის, უალტერნატივო პერსპექტივა ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვის. შეხედეთ ჩვენს ოპონენტებს, არავინ საუბრობს არც ხვალინდელ დღეზე, არც გეგმებზე, არც ხედვებზე, რადგან არ გააჩნიათ. მათი ერთადერთი მიზანი არის ხელისუფლებაში დაბრუნება, რაც თეორიულადაც კი გამორიცხულია, რადგან ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, 70%-ზე მეტი, 75% არის წინააღმდეგი ყოფილი ხელისუფლების და მათი ჯალათების. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და მეორედ ამის განმეორების უფლებას არ მივცემთ. ამიტომ ჩვენ მშვიდად, მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა და განვითარება. განვითარება უნდა შევიდეს ყველა ქალაქში, რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს მთავრობა მომდევნო წლების განმავლობაში. ეს სიკეთე გადანაწილდება რეგიონების მიხედვით.

თითოეულ მუნიციპალიტეტს მოვარგებთ პროექტებსა და პროგრამებს, რომელიც იქ არსებულ გამოწვევებს გადაჭრის, ასევე გათვალისწინებული იქნება ის რესურსები და პოტენციალი, რომელიც თითოეულ მუნიციპალიტეტში არსებობს. ჩემი დავალებით ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას, განახლდეს, როგორც ძველი, ასევე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრები, რომ მეტი დამსვენებელი მოვიზიდოთ, წავახალისოთ როგორც შიდა ტურიზმი, ასევე გავზარდოთ გარედან ტურისტების რაოდენობა. 2,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო 3 წლის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების განვითარების კუთხით, ეს არის 1300 ახალი საწარმოს დაფინანსება და ჩვენი გათვლებით, მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამ პროექტებსა და პროგრამებსაც ასევე გადავანაწილებთ რეგიონების მიხედვით, ისე, რომ ერთ რომელიმე კონკრეტულ რეგიონში არ იყოს თავმოყრილი ეს სიკეთეები”, – განაცხადა პრემიერმა.