“არ მომწონს რომ მთავრობას და ცალკეულ დეპუტატებს აქვთ თვითკმაყოფილების გრძნობა!”

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ ახალი მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს მუშაობის დაწყება მიულოცა და ისურვა, რომ მომავალი პარლამენტი იყოს ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული.

-„მაქვს განცდა, რომ ეს პარლამენტი ისევ ორ ნაწილად დაიყოფა. პირველი ნაწილი იქნება რიცხობრივად დიდი, რომელთათვისაც მთავარია საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყველაზე ძლიერი ოპონენტები, რადგან სორედ ამ საფუძველზე მოვიდნენ, კარგად აუღეს ალღო იმას, რომ იყიდება ძლიერი ანტინაციონალური განწყობა და სულისკვეთება და კარგადაც გამოიყენეს. სხვათაშორის, ამდენმა ოპონირებამ აცოცხლა „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ყველაფერი უკვე წარსულია და ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ მომავალზე.

ჩემი გადასახედიდან, მომავალი პარლამენტის საქმიანობაში საკითხი დადგება ასე- ან ეს პარლამენტი თავიდან ბოლომდე დაემსგავსება წინა მოწვევის პარლამენტს, სადაც მთავარი სულისკვეთება იყო ის, რომ ყოფილიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოპონენტი და რაც შეიძლება ნაკლებად გეწყენინებინა ბიძინა ივანიშვილისთვის, ასეთ შემთხვევაში ვერ მივიღებთ უკეთეს პარლამენტს და განვითარებას, ან ამ პარლამენტში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც სასარგებლო იქნება და განსხვავებული. ასეთ შემთხვევაში ისინი შეძლებენ მოწყდნენ იმ წყაროს, რომელმაც მოიყვანა პარლამენტში და უკვე დამოუკიდებლად განაგრძონ საქმიანობა. არჩევანი მათზეა და სწორედ ასეთ ადამიანებზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი განვითარება. განსაკუთრებით პირველ ათეულში მყოფმა ადამიანებმა იციან რა არის დემოკრატია და ვიმედოვნებ, რომ არ წავლენ პრინციპების წინააღმდეგ.

არ მომწონს რომ მთავრობას და ცალკეულ დეპუტატებს აქვთ თვითკმაყოფილების გრძნობა”.

 

 

კომენტარის დატოვება