ჩვენ არ ვიქნებით არც „41“-ის შუშის სასახლიდან ბრძანების შემსრულებლები და არც ოდესიდან ზოგ-ზოგიერთების დამბრუნებლები!

„მემარცხენე ალიანსმა“ ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ის მოსახლეობას

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაკურ სვანიძე წარადგინა

   პარტია “მემარცხენე ალიანსის” ლიდერები დღეს ვაზისუბნის მე-3 მ/რ-ში მოსახლეობას შეხვდნენ და მათ ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის დასახლების #8 მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატი, ცნობილი ჟურნალისტი, პოეტი და ბლოგერი, ბაკურ  სვანიძე წარუდგენეს.

„მე მინდა ვაზისუბნის მოსახლეობას ვთხოვო, მხარი დაუჭიროს ბაკურ სვანიძეს, ვინაიდან არჩევანი უნდა გავაკეთოთ არა პოლიტიკური ნიშნით, არა იმ ნიშნით თუ ვის რა პოლიტიკური ბეგრაუნდი აქვს, არამედ იმ ნიშნით თუ რა ღირსებების მატარებელია აღნიშნული კანდიდატი. ბაკურ სვანიძე არის პიროვნება, რომელმაც 2007 წლის 7 ნოემბრის, ცნობილი „იმედის“ მოვლენების შემდეგ, პრინციპულად დატოვა მაღალი თანამდებობა და შეუერთდა ხალხს, ხალხთან ერთად იყო ყოველთვის და არჩევნების შემდეგაც იქნება ხალხთან ერთად“ – განაცხადა „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ.

14080978_1127943170620917_58249137_n

პარტიია „მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკურმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ აღნიშნა, რომ „მემარცხენე ალიანსმა“ მხარი დაუჭირა ბაკურ სვანიძეს იმიტომ, რომ ის არის მებრძოლი ადამიანი. „სწორედ ასეთი მებრძოლო ადამიანები, სიმართლისა და ყველა ნაკლის პირში მთქმელი ხელისუფლებისათვის, სჭირდება დღეს ჩვენ სამშობლოს, რომ ჩვენ ერთად გავიმარჯვოთ, რომ „ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“, რომ ხელისუფლებამ შეასრულოს ყველა ის დაპირება, რომელსაც შეპირდება მოსახლეობას, რომ ყოველთვის დამნაშავე დასჯილი იყოს, რომ ყველა ადამიანისთვის კანონი იყოს ერთნაირი. ასეთი სიმართლისმთქმელი ადამიანები, რომლებიც ძალიან მწარედ ეტყვიან ხელისუფლებას სათქმელს, სწორად ეტყვიან ვაზისუბნისა და მე-8 ლეგიონის მოსახლეობას, სრულიად საქართველოს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, სწორედ ამიტომ გვჭირდება ბაკურ სვანიძე, როგორც უპარტიო დეპუტატი. ბაკური არის უპარტიო ადამიანი, მაგრამ იგი სრულად იზიარებს ჩვენს იდეებს, იზიარებს იმასაც, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს, რომ მთელი 9 წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ მიერ ქართველი ერის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის და უამრავი დაღვრილი სისხლისთვის ამ ადამიანებმა, ყველამ, პასუხი უნდა აგონ. ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებამ და ჩვენ უნდა დავამთავროთ კოჰაბიტაცია. სამარცხვინოდ არის გამოკრული დღეს ონიანის პლაკატი ვაზისუბნის შემოსასვლელში, ამ ადამიანებს  კიდევ ყოფნით თავხედობა იმისა, რომ მოვიდნენ და საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა სთხოვონ“ – განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

ბაკურ სვანიძემ მადლობა გადაუხადა „მემარცხენე ალიანსს“ მისთვის ამხელა ნდობის გამოცხადებისთვის და იმისთვის, რომ მის წინაშე არანაირი მოთხოვნა არ ყოფილა წაყენებული და უპარტიოდაა წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად. მან ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მას მხარში უდგას და გულშემატკივრობს და განსაკუთრებით გამოყო იქ დამსწრე რამდენიმე პიროვნება: თემქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია კორკოტაშვილი, მსახიობი მამუკა ლომაშვილი, მხატვარი ვლადიმერ რამიშვილი, რომელთაც მხარი დაუჭირეს ბაკურ სვანიძეს და თავიანთი აზრიც დააფიქსირეს იქ შეკრებილი მოსახლეობისა და ჟურნალისტების წინაშე.

ბაკურ სვანიძემ აღნიშნა, რომ იგი წვრილმანი საკითხების მოწესრიგებით არ აპირებს საქმის დაწყებას, რაც, რა თქმა უნდა ყველა უბნის და დასახლების საერთო პრობლემებია და აუცილებლად საჭიროებს ყურადღების მიქცევას, მაგრამ იგი უფრო გლობალურ პრობლემებზე აპირებს მუშაობას. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მხარს უჭერს გია კორკოტაშვილის დამოუკიდებელ კანდიდატურას. „ჩვენ, მე და გია კორკოტაშვილი, ერთმანეთს დავპირდით მხარდაჭერას, რათა ამ ორ უბანში მაინც, ვაზისუბანსა და თემქაზე, კარგია სხვა უბნებშიც თუ იქნებიან ღირსეული კანდიდატები, არ შევიდეს პარლამენტში არც „5-იანი“ და არც ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ პულტზე თითის დამჭერებად შედიან იქ. ჩვენ ვიბრძოლებთ საერთო პრობლემების მოსაგვარებლად, რაც აქვს ყველა უბანს, აქვს თბილისს, აქვს საქართველოს. როცა ზევით მოგვარდება პრობლემები, შემდეგ მოგვარდება ქვევითაც.

ვაზისუბნელებს და თემქელებს ეძლევათ ძალიან დიდი შანსი, რომ პარლამენტში შეიყვანონ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან არც უსიტყვო პულტზე თითის დამჭერები, არც „41“-ის შუშის სასახლიდან უბრძანებს ვინმე რამეს და არც ის ადამიანები, რომლებიც აპირებენ ოდესიდან ზოგზოგიერთების დაბრუნებას“ – განუცხადა იქ შეკრებილ მოსახლეობას ბაკურ სვანიძემ და სთხოვა, რომ სწორად გათვალონ თავიანთი არჩევანი და უფრო გლობალურად შეხედონ ყველაფერს.

კომენტარის დატოვება