” ახალი ამბები აღარ იწერება ერთ ოთახში, ყველა ტელევიზიისთვის ერთი და იმავე ტექსტით…”

ახალი ამბები აღარ იწერება ერთ ოთახში, ყველა ტელევიზიისთვის ერთი და იმავე ტექსტით,- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ თავისუფლება და დამოუკიდებელი მედიაგარემო ბოლო 4 წლის მთავარი მონაპოვარია.

“ხედავთ რამდენად თავისუფალია მედიასივრცე, ტელევიზიები თავისუფლად გადმოსცემენ სიახლეებს. ვფიქრობთ, ეს თავისუფლება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა ამ 4 წლის განმავლობაში და ის მთავარი გარდატეხა, რომელიც მოხდა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, არის უდიდესი მიღწევა. ასევე დიდი მიღწევაა ის, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ყველაზე მნიშვნელოვან, სასიცოცხლოდ აუცილებელ მიმართულებებს,”-აღნიშნა პრემიერმა. პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბოლნისის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგა მეშველიანი წარუდგინა და მმართველი ძალის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დღეს ინიციატივიან ადამიანს აქვს უამრავი შესაძლებლობა, ისარგებლოს სახელმწიფო პროგრამებით და უზრუნველყოს საკუთარი ოჯახი. “ჩვენ გვაქვს მორალური უფლება თვალებში შევხედოთ ჩვენს ამომრჩეველს და ვუთხრათ, რომ ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მომავალი 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და თითოეულ ოჯახში კეთილდღეობის მიტანას,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება