კახა კალაძემ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ნაძალადევის რაიონში, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში სკეიტ პარკი გახსნა.

დედაქალაქის მერის თქმით, მსგავსი სივრცეების მოწყობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ე.წ. კიკვიძის პარკში სკეიტ პარკი გავაკეთეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ეს ტერიტორია ყოველთვის სავსეა ხალხით. ყველა ასაკის ადამიანი დადის აქ და ისვენებს. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნულ სკეიტ პარკს ახალგაზრდები აუცილებლად გამოიყენებენ.

ზოგადად, სკეიტ პარკები „მზიურის პარკსა“ და დედაენის ბაღში უკვე გავაკეთეთ და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს. ეს მიდგომა და დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. ზუსტად ასეთი პროექტები გვჭირდება, რომ სკვერები, პარკები სავსე იყოს ადამიანებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, სკეიტ პარკების, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნების მოწყობა და ა.შ.“ – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.