ლატარია კობახიძეს ლომიასთვის იმუნიტეტის მოხსნას სთხოვს

ირაკლი ლატარია: მოეხსნას ლომიას იმუნიტეტი

ირაკლი ლატარიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს განცხადებით მიმართა და შეხვედრაც ითხოვა. მან კობახიძეს დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნა სთხოვა.

-ბატონო ირაკლი,

მოგმართავთ ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც ყოველთვის ვებრძოდი უსამართლობას, ძალადობას და ვცდილობდი ჩემი წვლილი შემეტანა ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ყველანი ვიქნებოდით დაცულნი, თანასწორნი და რაც მთავარია თავისუფალნი.

2016 წლის ნოემბრის თვეში, ჩემი იმდროინდელი საცხოვრებელი სახლიდან, ღამის საათებში მოტყუებით გამიყვანა რამდენიმე მოქალაქემ, რომლებმაც მიმიყვანეს ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ცენტრალურ ოფისში (კინოს სახლის მეორე სართულზე), სადაც მოვიდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია. მისი ბრძანებით შემიყვანეს მისსავე კაბინეტში, სადაც ძალის გამოყენებით დამსვეს სკამზე, დამაბეს, ჩართეს ვიდეოკამერა და გიორგი ლომიამ და ვინმე გიორგი კენკებაშვილმა მცემეს, როგორც ჩემთვის ცნობილია ეს უკანასკნელი იყო პოლიციის თანამშრომელი, მათ არ მომცეს ოთახიდან გასვლის უფლება. აღნიშნული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, ამავდროულად ჩემზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს და მუქარას.

ამ განცხადებით მოკლედ მოგახსენებთ იმ ვითარებას, რომელზეც საქართველოს პროკურატურამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე, სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიმდინარეობს გამოძიება.
ქალაქ თბილისის პროკურატურაში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ჩემს მიერ წარდგენილ იქნა უამრავი მტკიცებულება, რომელიც დაეხმარება პროკურატურას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში, ასევე მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

უკვე მერამდენე წელია საქართველოში პარლამენტის წევრობა თითქოს იქცა ინდულგენციად და ყველა ცდილობს საკუთარი დანაშაულებრივი ქმედებანი პარლამენტის წევრობით დაფაროს.

ბატონო ირაკლი, მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს პერიოდში გამონახოთ მცირეოდენი დრო და შემხვდეთ, რათა დეტალები პირადად მოგახსენოთ.
გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი ლომია არის პარლამენტის წევრი უმორჩილესად გთხოვთ, არ მოხდეს მისი დაცვა, როგორც პარლამენტარის და იმუნიტეტის მოხსნა არ გახდეს პრობლემა.

გთხოვთ, პროკურატურის მომართვის შემთხვევაში გიორგი ლომიას მოუხსნათ საპარლამენტო იმუნიტეტი და საჭიროების შემთხვევაში მოუხსნათ უფლებამოსილებაც, რათა პროკურატურას მიეცეს გიორგი ლომიას დაკითხვის და გამოძიების სრულყოფილად ჩატარების საშუალება.

მე, მწამს თქვენი გონიერებისა და სამართლიანობის, მჯერა, რომ არ დაუშვებთ განმეორდეს ის, რაც ხდებოდა 2012 წლამდე, ასევე მწამს, რომ ადამიანის გატაცება, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა და წამება არ დარჩება დაუსჯელი-ნათქვამია ირაკლი ლატარიას განცხადებაში.