გია ვოლსკი – სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს არ უნდა უწოდო ისეთი დამამცირებელი სიტყვები, რაც სააკაშვილის პირიდან ამოვიდა, ეს არის ადამიანი, ვინც ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა

სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებს არ უნდა უწოდო ისეთი დამამცირებელი სიტყვები, რაც მისი პირიდან ამოვიდა. ეს არის ადამიანი, ვინც დახოცილი ადამიანების ცხედრები ბრძოლის ველზე მიატოვა. ეს იყო აგვისტოში. ეს არის ასევე ადამიანი, მთავარსარდალი, რომელიც თვითმფრინავის ხმის გაგონებისას მიწაზე დაწვა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, როგორმე ეს ქვეყანა შეარყიოს.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ჯარს იმის ნაცვლად, რომ იცავდეს და პატივისცემას გამოხატავდეს, ოღონდ, თავისი პოლიტიკური პოზიცია გააძლიეროს, ნებისმიერ შემთხვევაში, შეუძლია, ის იკადროს, რაც იკადრა. ჩვენი ჯარი არის ნატო-ს სტანდარტებთან მაქსიმალურად მოახლოებული, მოწინავეთა შორის, არაერთხელ გამოიჩინა თავი. ღირსეული ჯარია ღირსეული ოფიცრებითა და რიგითებით. სააკაშვილისთვის სულერთია ჯარს მიმართავს, პოლიციას, ეკონომისტებს თუ მეთუნეებს, მას ერთადერთი ამოცანა აქვს, როგორმე ეს ქვეყანა შეარყიოს. ჯარს ისე მიმართავს, თითქოს, რეალობა არ ვიცოდეთ. ჯარი ღირსეული პატრიოტებითა და პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ასეთ მოღალატეობრივ განცხადებებს ყურს არ დაუგდებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში სამხედროებს მიმართა. „საქართველო არის გადასარჩენი, მოგმართავთ სამხედრო მოსამსახურეებს, უნდა მოვემზადოთ სამოქალაქო ვალის შესასრულებლად, თქვენი პატრიოტიზმის იმედი მაქვს”.