ანრი ოხანაშვილი – ცინიზმია, რომ „ნაცმოძრაობა“ და მიშა სააკაშვილი გვევლინებიან ეკლესიის და აღსარების საიდუმლოს დამცველად

ეს არის უკიდურესი ცინიზმი, ნიკანორ მელია რომ მოგვევლინა დღეს აღსარების საიდუმლოს დამცველად, – ასე გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი თბილისის მერობის კანდიდატის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საგანგებო ბრიფინგს უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით.

ოხანაშვილის თქმით, მელია წლების განმავლობაში აღსრულების ბიუროს წარმოადგენდა, სადაც „ხალხს უყიდდნენ ქონებას და აუბედურებდნენ“.

„არ ვიცი, საერთოდ წარმოდგენა თუ აქვს რას ნიშნავს ან აღსარება ან ზიარება. ეს არის ცინიზმი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკანორ მელია წარმოუდგა დღეს ეკლესიის დამცველად. ხალხი, რომლებიც არიან მტრები ეკლესიის. ეს არის მათი ნაბიჯები დადასტურებული, მაგრამ ჩვენი საზოგადოება ხომ ამას კარგად აფასებს და ძალიან კარგად შეაფასებს ამას არჩევნებზე. თუკი ვინმე გასასამართლებელია და პასუხისგებაში მიცემულია უკვე, ეს არიან მათი ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომელთა ექსტრადირება იგეგმება. ე.წ. იმ ქმედებების კასკადის ჩამდენები, როგორიც იყო მაგალითად, გაუპატიურება, წამება… ნიკანორ მელია მეგის ქარდავას თანაგუნდელი იყო, აღსრულების ბიუროს წარმოადგენდა, სადაც ხალს უყიდიდნენ ქონებას და აუბედურებდნენ მათ, მომავალს უკარგავდნენ – ეს ადამიანი, მიშა სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ გვევლინებიან დღეს ეკლესიის და აღსარების საიდუმლოს დამცველად“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.