არჩილ თალაკვაძე – პრემიერ-მინისტრი იყო თანმიმდევრული, მან თქვა ის, რასაც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს ლიდერი იტყოდა

პრემიერ-მინისტრი იყო თანმიმდევრული. მან თქვა ის, რასაც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს ლიდერი იტყოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრემიერმა დღევანდელი განცხადებით თქვა, რომ პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ასევე, საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაზე.

„ჩვენ თანმიმდევრულები ვართ. ზუსტად ვიცით, რა განსაცდელის და რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს უკრაინა. საქართველომ ეს გაიარა, რადგან საქართველოს ტერიტორიის 20% დღეს არის ოკუპირებული. პრემიერ-მინისტრი იყო თანმიმდევრული. მან თქვა ის, რასაც ნებისმიერი შემდგარი სახელმწიფოს ლიდერი იტყოდა. მან თქვა ერთი, რომ ის პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე და მეორე, ასევე ვალდებულების შესრულებაზე საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად. მეორე მხარეს ვიღაც პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც წარსულში ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც თავის ქვეყანა დაადანაშაულა კასეტური ბომბის სროლასა და ომის დაწყებაში, ამბობს, პრემიერ-მინისტრმა კი არ იცის ქვეყანაში რა უნდა გააკეთოს, მსოფლიო ლიდერებმა კი არ იციან, რა ნაბიჯები უნდა გადადგან, ჩვენ ვიცითო. ახლა თქვენ შეაფასეთ, ეს ხალხი კომიკურია თუ სერიოზული“, – განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძე ფიქრობს, რომ ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტები, რომელიც ამ ვითარებაში რუსული აგრესიის შესაკავებლად შეიძლება იყოს გამოყენებული, დასავლეთის ლიდერი სახელმწიფოების, „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების და ევროკავშირის ხელშია.

„ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის და მეორე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებები შესრულდეს. რასაც დღეს რადიკალური ოპოზიცია ამბობს, მათ თავდასხმებს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილზე, საერთო არ აქვს ამ ორ ინტერესთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.