ზურაბ ჯაფარიძე – ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები ქვეყნის ისტორიული სირცხვილია, რომელსაც ვერ ჩამოვირეცხავთ და ემახსოვრებათ არამხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველას რეგიონში

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები ქვეყნის ისტორიული სირცხვილია, რომელსაც ვერ ჩამოვირეცხავთ და ემახსოვრებათ არამხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველას რეგიონში, – ამის შესახებ ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

 

,,ჩვენ არავინ არ გვთხოვს ომში ჩაბმას, ან ისეთ სანქციებს, რომელმაც შეიძლება ჩვენი ეკონომიკა დააზიანოს, მაგრამ თუნდაც სიმბოლური პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვდგავართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. აგდებული, შემზარავი და შეურაცხმყოფელი პასუხი გასცა – პარლამენტს თავისი საქმე აქვს, მე ჩემი და ომი უკრაინაშიაო, ამაზე გაბრაზებული ხალხი ვართ აქ შეკრებილები”, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.