ვლადიმერ პუტინი უკრიანელ ჯარისკაცებს მიმართავს – „არ მისცეთ უფლება, რომ ნეონაცისტებმა და ბანდეროველებმა გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად”

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა და მოუწოდა ძალაუფლება ხელში აიღონ.პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას ნაცისტები უწოდა და ჯარიკაცებს მოუწოდა არ დაემორჩილონ მათ.

მისი თქმით, რუსეთის არმიის ძირითადი შეტაკებები როგორც მოსალოდნელი იყო, ისე მიმდინარეობს არა უკრაინის შეიარაღებული ძალების რეგულარულ ნაწილებთან, არამედ ნაციონალისტურ ფორმირებებთან, რომლებიც, როგორც ცნობილია, პასუხისმგებლები არიან დონბასში გენოციდსა და სახალხო რესპუბლიკების მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლისღვრაზე.

„ჩვენთვის უფრო მარტივი იქნება შეთანხმების მიღწევა თქვენთან, ვიდრე ამ „ნარკოდამოკიდებულებთან და ნეონაცისტების ჯგუფთან“, რომლებიც კიევში არიან და უკრაინელი ხალხი მძევლად ჰყავთ“, – განაცხადა პუტინმა.

როგორც რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, უკრაინის ჯარები მოქმედებენ ისევე, როგორც ტერორისტები მთელ მსოფლიოში, ფარად იყენებენ ხალხს იმ იმედით, რომ შემდგომ დაადანაშაულებენ რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისთვის

„უკრაინის რეგულარულ ნაწილებში ჩანერგილი ნაციონალისტური ელემენტები არა მხოლოდ აქეზებენ მათ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისკენ, არამედ ასევე ასრულებენ ბარიერული რაზმის როლს. მეტიც, არსებული ინფორმაციით, ჩვენ ვხედავთ ამას, ბანდეროველები და ნეონაცისტები აყენებენ ზალპური ცეცხლის სისტემებს მსხვილი ქალაქების ცენტრალურ რაიონებში, მათ შორის კიევსა და ხარკოვში. ისინი გეგმავენ, გამოიწვიონ რუსეთის საპასუხო დარტყმები საცხოვრებელ უბნებზე. არსებითად ისინი მოქმედებენ ისევე, როგორც ტერორისტები მთელ მსოფლიოში, ფარად იყენებენ ხალხს იმ იმედით, რომ შემდგომ დაადანაშაულებენ რუსეთს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლისთვის. დარწმუნებით ვიცით, რომ ეს ყველაფერი ხდება მათი უცხოური კონსულტანტების რეკომენდაციებით, პირველ ყოვლისა, ამერიკელი მრჩევლების.

კიდევ ერთხელ მივმართავ უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, არ მისცეთ უფლება, რომ ნეონაცისტებმა და ბანდეროველებმა გამოიყენონ თქვენი შვილები, ცოლები და მოხუცები ცოცხალ ფარად. აიღეთ ძალაუფლება ხელში. როგორც ჩანს, ჩვენ თქვენთან უფრო ადვილად მოვილაპარაკებთ, ვიდრე ამ ნარკომანებისა და ნეონაცისტების ხროვასთან, რომელიც ზის კიევში და ტყვედ აიყვანა მთელი უკრაინელი ხალხი“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.