“ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ევროკავშირმა მკაფიო უნდა გახადოს, რომ რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვერ ექნება” – ევროპარლამენტის ანგარიში

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე რუსეთ-ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების საკითხებზე დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიას და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს რეკომენდაციებს აძლევს.

რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსია. დოკუმენტს 494 დეპუტატმა მისცა ხმა, 103 წინააღმდეგი იყო, 72-მა თავი შეიკავა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი საფრთხეს უქმნის ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საკუთარი ხალხის ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევებითა და საგარეო პოლიტიკაში აგრესიული ქმედებებით, მათ შორის, ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლებებითა და სამხედრო ძალის გაძლიერებით; ყირიმის უკანონო და ძალადობრივი ოკუპაციითა და ანექსიით; უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და დესტაბილიზაციით; გაყინული კონფლიქტების მხარდაჭერითა და უკრაინასა და საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებების უპატივცემულობით; ევროკავშირის წევრი ქვეყნების მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებით; საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევებით; არჩევნებში ჩარევით; ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონების ქვეყნების საჰაერო და საზღვაო სივრცეების დარღვევებით.

რეზოლუციაში წერია, რომ რუსეთის სხვადასხვა აგრესიულ ქმედებებზე, მათ შორის 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე ევროკავშირის მხრიდან ადეკვატური რეაგირების არქონამ რუსეთს უბიძგა, გაეგრძელებინა აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები როგორც სამეზობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა მკაფიო უნდა გახადოს, რომ რუსეთთან ჩვეულებრივი ურთიერთობები ვერ აღდგება, ვიდრე ის არ შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას და ჰიბრიდულ ომს ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორების“ წინააღმდეგ და ვიდრე საქართველოს, მოლდვისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ამისთვის ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ სანქციები ძალაში დარჩეს, ვიდრე რუსეთი მათი გაუქმებისთვის პირობებს არ შეასრულებს.

რეზოლუციის მიხედვით, ევროკავშირის სოლიდარობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისადმი მიმართული უნდა იყოს ევროკავშირისადმი, როგორც უსაფრთხოების საკითხებში სანდო პარტნიორისადმი ნდობის გაძლიერებისკენ. ამისთვის, ევროკავშირის უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში.

ევროკავშირმა უნდა უზრუნველყოს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების უსაფრთხოება შესაბამისად არის ასახული ევროკავშირის სტრატეგიულ კომპასში. ამასთან, ევროკავშირმა უნდა განიხილოს უსაფრთხოების სფეროში შეთანხმებების გაფორმება, რაც იქნება ჩარჩო ინვესტიციებისა და უსაფრთხოების სფეროში დახმარების გაზრდისთვის, სამხედრო, სადაზვერვო და კიბერთანამშრომლობისთვის ევროკავშირის სამეზობლოში გარკვეულ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მათი მდგრადობის გაძლიერებისთვის.