ირაკლი კობახიძე – გიორგი გახარიამ უღალატა გუნდს, ქვეყანას, სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო, ეს ჭანჭიკი დღეს აქტუალური არ არის

ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს, ქვეყანას უღალატა, სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ დრო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, გახარია დღეს აქტუალური არ არის და მასზე დროის დახარჯვა არ ღირს.

„ყველაზე კრიტიკულ მომენტში გიორგი გახარიამ საკუთარ გუნდს, ქვეყანას, უღალატა. ყველაზე კრიტიკულ მომენტში კაცმა გაყიდა ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაც არის, რომ ასეთი პრემიერი გვყავდა. თუ ამაზე არის საუბარი, რა ტქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ჩვენ თავზეც ვიღებთ. ეს კაცი არის მატყუარა, მოღალატე და არ აქვს კაცობის ნიშანწყალი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა იმით, რომ კახი კალაძეს პირდაპირ დაუპირისპირდა ისეთ კონკურენციაში, სადაც მეორე ადგილის აღების შანსიც არ აქვს. დიდხანს ამ კაცზე ;ლაპარაკი არ ღირს, მან დაკარგა აქტუალობა.

ეს არჩევნები არის დაპირისპირება, ისევ და ისევ, სამწუხაროდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის. დღეს ვლაპარაკობთ ვიღაც კაცზე, რომელსაც არავითარი შანსი არ აქვს, რომ მეორე ადგილსაც კი მიუახლოვდეს, არც პარტიულად და არც როგორც კანდიდატს. 15 წუთი ვლაპარაკობთ ვიღაცაზე, ვისაც არანაირი შანსი არ აქვს, რომ თუნდაც ორნიშნა მაჩვენებელი აიღოს ამ არჩევნებში. დღეს ჩვენ კონკურენცია გვაქვს იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისთანაც ეს არის ალიანსში. სჯობს, სხვა თემებზე ვისაუბროთ ნაცვლად იმისა, რომ ვიღაც „კოკაინშიკზე“ დავხარჯოთ 15 წუთი. ამაში ვგულისხმობ იმას, ვინც ვერ გაბედა ტესტის ჩაბარება, შემდეგ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნიკანორ მელიამ და მანაც აღარ ჩააბარა ტესტი, მიუხედევად იმისა, რომ იქამდე მზადყოფნა გამოცხადებული ჰქონდა. დღეს მთავარი თემა არის ის, რომ არ უნდა დავუშვათ „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში, რისი ერთი პატარა ჭანჭიკი არის ამ შემთხვევაში გახარია. იმის მაგივრად, რომ ვისაუბროთ მთავარ პრობლემაზე, ვსაუბრობთ ვიღაც ჭანჭიკზე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.