კახა კუჭავა – სიძულვილის ენის გამოყენება და მით უმეტეს საჯაროდ, ბანერებით, არ არის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას სიძულვილის ენის გამომხატველი ბანერების გამოყენება გამართლებულად არ მიაჩნია და ამბობს, რომ „ეს არ არის ფორმა, რომლითაც ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“.

ამასთან, კუჭავას შეფასებით, მსგავსი ბანერების გაკვრა ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის ბანერებზე არასწორია.

„მეც ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. ვაქცინაცია ის საკითხია, რაზეც ყველა ერთად უნდა ვიყოთ მობილიზებულები, გაერთიანებული და შეიძლება სხვა ადგილი გამოიყენონ, თუ ამის სურვილი აქვთ. მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ ამის გამოყენებას ყველა შევეშვებით და გადავალთ უფრო კონსტრუქციულ კამათზე, მსჯელობაზე და ურთიერთობაზე, ამ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება. რა თქმა უნდა, არ მიმაჩნია გამართლებულად და არც არასდროს მიმაჩნდა. მსგავსი და ზოგადად, სიძულვილის ენის გამოყენება და მითუმეტეს საჯაროდ, ბანერებით, არ არის ფორმა, რომლითაც ეს ქვეყანა უნდა იყოს დაკავებული“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ცნობისთვის, თბილისში და რამდენიმე ქალაქში გამოაკრეს ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.