სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

2016 წელს დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, რუსული დაზვერვის ოპერაცია ლიტვინენკოს ლიკვიდაციასთან დაკავშირებით დაამტკიცა.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ „კგბ“-ს ყოფილმა თანამშრომელმა, ანდრეი ლუგოვოიმ და კიდევ ერთმა რუსმა, დიმიტრი კოვტუნმა, მკვლელობა ჩაიდინეს იმ ოპერაციის ფარგლებში, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელობით განხორციელდა.

სასამართლომ ასევე დაავალდებულა რუსეთის ხელისუფლება, ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს.

ალექსანდრე ლიტვინენკო, რომელმაც 1998 წელს საჯაროდ განაცხადა, რომ ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკის მოკვლა დაავალეს, 2000 წელს ოჯახთან ერთად გაიქცა დიდ ბრიტანეთში, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ალექსანდრე ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოწამლეს.