მამუკა მდინარაძე – ერთ-ერთმა ქუთაისელმა ბიზნესმენმა გააკრა ბანერები და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაცმოძრაობის“ და მოღალატეების მიმართ

ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება ის რეალობა, რომელსაც შინაარსში ვეთანხმები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს თბილისში და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გამოკრულ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, ბანერები ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გააკრა და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ და მოღალატეების მიმართ. მისივე თქმით, ბანერების შინაარსს ეთანხმება.

„გუშინ ასეთი შედარება მოვიყვანე, ერთი ადამიანი მეორეს რომ ავტომატს ესროდეს და მსროლელს მესამე ადამიანმა ხელი კრას და თქვენ რომ აღშფოთდეთ – როგორ შეიძლება ხელის კვრა, ეს ხომ არ არის ძალადობა?! ამ დროს ის ავტომატს რომ ისვრის ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ეს უტრირებული მაგალითია, მაგრამ კარგად ასახავს იმ რეალობას, რასაც პარტიული ტელევიზიები აკეთებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად სიძულვილის კამპანიაა, სატელევიზიო რეკლამები აქვთ „ნაცმოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს, სადაც სიკვდილზე ლაპარაკობენ, სიკვდილისთვის გაწირვაზე ლაპარაკობენ, იგინებიან, იმუქრებიან და ეს ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

ამ დროს ერთ-ერთმა ქუთაისელმა ბიზნესმენმა გააკრა ბანერები და ასე გამოხატა თვისი დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის“ და მოღალატეების მიმართ და ამაზე აღშფოთდნენ. შინაარსი მისაღებია თუ არა ჩემთვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მიუღებელია ის შინაარსი, რასაც პარტიული ტელევიზიები და მისი ე.წ. მენეჯერები აკეთებენ – პირდაპირ ეთერში იმუქრებიან და პროვოკაციებს აწყობენ. ამ დღეების განმავლობაში იყო ქარელის პროვოკაცია, ხელვაჩაურის პროვოკაცია, ქუთაისის პროვოკაცია, ეს ყურადღების მიღმა რჩება – ბანერებზე ასახული კონკრეტული ადამიანის პოზიცია კი თურმე არის ძალადობისკენ მოწოდება. ორმაგი სტანდარტის ამგვარი ხარისხია მიუღებელი. ძალადობისკენ მოწოდებად აღიქმება ის რეალობა, რომელსაც შინაარსში ვეთანხმები“, – განაცხადა მდინარაძემ.