ირაკლი კობახიძე – სისხლიანი არის არა ბანერი, არამედ ის ადამიანები, ვინც იქ არიან გამოსახული

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვაქცინაციის წამახალისებელი შინაარსის ბანერები ჩანაცვლდა უამრავი სხვა, მათ შორის კომერციული ხასიათის ბილბორდით.

ამასთან, როგორც კობახიძე აღნიშნავს, როგორც კი ბილბორდები პოლიტიკური თუ კომერციული რეკლამისგან გათავისუფლდება, ვაქცინაციის შესახებ ბილბორდები დაბრუნდება“.

„მე რაც ვიცი, თავის დროზე იყო შეთანხმება კონკრეტულ კომპანიასა და შესაბამის ცენტრს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალ ბანერებზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით შესაბამისი შინაარსი განთავსდებოდა. როგორც კი ეს ბილბორდები იქნებოდა კონკრეტული კომპანიების მიერ აღებული, მათი ჩანაცვლება მოხდებოდა. ასეთი შინაარსის ბილბორდები ჩანაცვლდა უამრავი სხვა ბილბორდით, მათ შორის კომერციული რეკლამაცაა. შესაბამისად, ეს არის ცარიელი სპეკულაცია. ვაქცინაციას რაც შეეხება, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ვაქცინაციის პროცესი უფრო მეტად დაჩქარდეს. ყოველდღიურად 10 ათასობით ადამიანი იცრება და აცრების რაოდენობამ მილიონ ნახევარს გადააჭარბა. ეს არის ჩვენი კამპანიის შედეგი. დანარჩენი ყველაფერი სპეკულაციებია“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ე.წ. სისხლიან ბანერებს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სისხლიანი არის არა ბილბორდი, არამედ სისხლიანები არიან იქ გამოსახული ადამიანები.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეს ბილბორდები ჩვენ არ გვეკუთვნის, შინაარში შესვლა არ მგონია, ჩვენი მხრიდან სწორი იყოს. რაც შეეხება სლოგანს, „არა ნაცებს“ – ვეთანხმებით, „არა ბოროტებას“ – ვეთანხმებით, „არა ღალატს“ – ვეთანხმებით. არ შეიძლება ამ სლოგანებს არ დაეთანხმო. რაც შეეხება სისხლიანს, სისხლიანი არის არა ბანერი, არამედ ის ადამიანები, ვინც იქ არიან გამოსახული. 9 წლის განმავლობაში მათ ჰქონდათ ამ სისხლის პრობლემა და ბოლო 9 წლის განმავლობაშიც მათ აქვთ იგივე პრობლემა იმიტომ, რომ ამ ადამიანებს ყველას ერთად უნდათ ამ სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება“, -განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, თბილისში და რამდენიმე ქალაქში გამოაკრეს ბანერები, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.