ციხიდან ციხეში გადაყვანა; „გადმობრძანდით, თუ შეიძლება, ესკორტის მანქანიდან“, ან კიდევ, „ოღონდაც კონსილიუმი ინატრე და შეგისრულებთ“, არ ყოფილა წამება ან წამების მუქარა – თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, იუსტიციის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი, თეა წულუკიანი Facebook-ზე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა.

„ციხიდან ციხეში გადაყვანა; „გადმობრძანდით, თუ შეიძლება, ესკორტის მანქანიდან“, ან კიდევ, „ოღონდაც კონსილიუმი ინატრე და შეგისრულებთ“, არ ყოფილა წამება ან წამების მუქარა. ეს ისედაც ვიცოდით, რადგან იყო ნათელი. სახალხო დამცველისა და ზოგიერთის არაკომპეტენტურობას ამ გადაწყვეტილებით მაინც არ ეშველება“, – წერს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც ეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას.