ანა ნაცვლიშვილი – ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და ჰესების მშენებლობა ამის ნაწილია

ქვეყანას ენერგოდამოუკიდებლობა სჭირდება და ჰესების მშენებლობა ამის ნაწილია. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებულ ხელშეკრულებაზე ძალიან ლეგიტიმური და მძიმე კითხვები არსებობდა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ და ვერ მოხერხდა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა „ენკასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო თვეების განმავლობაში ხეობის მაცხოვრებლებს საპოლიციო ძალების მეშვეობით ესაუბრებოდა.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ სახელმწიფო ბუჩქის ქვეშ იჯდა და ხეობის მაცხოვრებლებს საპოლიციო ძალების მეშვეობით ელაპარაკებოდა. მოვლენების განვითარება დასაწყისიდან „ენკას“ გუშინდელ განცხადებამდე სრულად მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხია, რომელმაც ვერ მართა პროცესი ისე და ვერ უზრუნველყო ისეთი ხელშეკრულების დადება, რომელიც საზოგადოებაში, მათ შორის გარემოს დამცველებში არ გააჩენდა ბევრ საჭირბოროტო შეკითხვას“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს. ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.