მდინარაძე: მე და ირაკლი კობახიძე დღე და ღამე შტაბში ერთად ვმუშაობთ, მისგან გინება მე არ გამიგია და ამ გაწონასწორებულ კაცს მელიამ დედის გინება გამოსტყუა

როგორც ჩანს, ნიკა მელია დღეს ძალიან გააღიზიანა ახალმა კვლევებმა, სადაც კახა კალაძეს კიდევ უფრო გაზრდილი აქვს რეიტინგი. ამ გაღიზიანების ფონზე ნიკა მელიას დარჩენია მხოლოდ მძიმე პროვოკაციაზე წასვლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„დღე და ღამე შტაბში ერთად ვმუშაობთ, ირაკლი კობახიძის გინება მე არ გამიგია და ამ გაწონასწორებულ კაცს გამოსტყუა მელიამ დედის გინება. ირაკლიმაც თქვა, რომ საკუთარ თავზე გამოცადა, რა მძიმე მოსათმენია ეს პროვოკაციები და მე მესმის თითოეული ჩვენი აქტივისტის, მაგრამ უნდა მოვითმინოთ. არ უნდა წამოვეგოთ ამ პროვოკაციებს, რათა შემდეგ ამით „ნაცმოძრაობამ“ არ ისარგებლოს. მათი ერთადერთი პლატფორმა არის ტყუილი და პროვოკაცია და ამაზე არ უნდა წამოვეგოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს ევროკავშირის ოფისთან, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.