ნიკანორ მელია ასეც და ისიც ევროკავშირის ოფისიდან გაიპარება, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ – ირაკლი კობახიძე

ასეთ პროვოკაციებზე ჩვენ რეაქციები არ უნდა გვქონდეს. ნიკანორ მელია ასეც და ისიც ოფისიდან გაიპარება. გაიპაროს! ეს არის მისი არჩევანი, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა კითხვის პასუხად, თუ როგორ დატოვებს ნიკა მელია დღევანდელი ინციდენტის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე კობახიძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მათ სჭირდებათ მშვიდი საარჩევნო გარემო და არ წამოეგონ პროვოკაციებს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე ჩემი მოწოდება როგორც დღეს, ასევე შემდეგი დღეების განმავლობაში არის ერთადერთი – ასეთ პროვოკაციებზე ჩვენ რეაქციები არ უნდა გვქონდეს. ნიკანორ მელია ასეც და ისიც ოფისიდან გაიპარება. გაიპაროს! ეს არის მისი არჩევანი, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ. ეს არის მისი დღის წესრიგი ჩვენ მშვიდად უნდა განვაგრძოთ მზადება ამ არჩევნებისთვის. 2 ოქტომბერს იცით, “ქართული ოცნება” დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს. ჩვენ ერთადერთი ახლა სიმშვიდე გვჭირდება, რაც არ სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის, ნიკანორ მელიას. მათ სჭირდებათ პროვოკაციები, მათ სჭირდებათ ინციდენტები, არეულობა! ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას. ეს არის ჩემი მოწოდება დღეს. ეს არის ჩემი მოწოდება შემდეგი დღეებისთვის, 2 ოქტომბრის ჩათვლით და მის შემდეგაც“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ევროკავშირის ოფისთან, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.