ამ ერთი პატარა, ქართული, ულამაზესი სოფლის ოფიციალურ ანექსირებას ფსოუზე, მოჰყვება მთელი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიერთება რუსეთის ფედერაციაზე – შალვა ნათელაშვილი სოფელი აიბგას ანექსირებაზე

მე მოვითხოვ საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე იყოს გამოძახებული საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობამ მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა და ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი საერთაშორისო დონეზე – ამის შესახებ ,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუთქვამს პროტესტი და არ გაუკეთებია არცერთი განცხადება.

,,რუსეთის ფედერაციამ ოფიციალურად დაიწყო ანექსიის ახალი ეტაპი და ქართული ტერიტორიების ჩართვა საკუთარ სახელმწიფოებრივ სივრცეში. ეს ყველაფერი ამ დღეებში შეეხო აფხაზეთის ქართულ სოფელ აიბგას. სოფელში მოსკოვმა დანიშნა გამგებელი, გაიყვანა ელექტროხაზები, გზები, ხიდები და შეუდგა მის ოფიციალურ ანექსირებას იმ პერსპექტივით, რომ აღნიშნული პროცესი გაგრძელდება რიწის ტბამდე და მოიცავს გაგრის რაიონის 20 პროცენტს. ეს ხდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 1921 წელს რუსეთმა ოკუპაციის გზით წაგვართვა სოჩის და ადლერის რეგიონი, რომელიც ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ იყო წმინდა ქართული.

შექმნილ ფონზე, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, სდუმს მომაკვდავი სქართველოს ხელისუფლება – არცერთი პროტესტი და განცხადება. მე მოვითხოვ საქართველოს პარლამენტში ორშაბათსვე იყოს გამოძახებული საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს მთავრობამ, თუ გვყავს ასეთი, მოითხოვოს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა და ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ დააყენოს პუტინის მთავრობის სანქცირების საკითხი საერთაშორისო დონეზე. სხვა შემთხვევაში აი ამ ერთი პატარა, ქართული, ულამაზესი სოფლის ოფიციალურ ანექსირებას ფსოუზე მოჰყვება მთელი აფაზეთის და ცხინვალის რეგიონის ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მიერთება რუსეთის ფედერციაზე. მერე არ თქვას საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა, რომ ვერ ხვდებოდნენ ვერაფერს. თუმცა ამ დროისთვის მათ უკვე მოხდილი ექნებათ სასჯელი სახელმწიფო ღალალიტისთვის და სანამ რუსეთი დაიწყებს საქართველოს ოფიციალურ ჩაყლაპვას, მოვიშორებთ ამ ხელისუფლებას“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.