ირაკლი ქადაგიშვილი: დღეს შესაძლოა ადამიანი დაბულინგდეს იმისთვის, რომ მისი გვარი თანამდებობის პირის გვარს ემთხვევა, ან ნათესავი ჰყავს, ან სკოლაში ერთად უვლიათ – რა ვქნათ ამ 3,5 მილიონიან ქვეყანაში?

ჩვენ ბევრ ეთერში გვინახავს სენსაციური, „წყალი რომ არ გაუვა“ ინფორმაცია, რომელიც შემდგომში აღმოჩნდება ხოლმე სრული ფალსიფიკაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიას მთავრობაში ნეპოტიზმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

„დღეს ადამიანი შესაძლოა დაბულინგდეს იმის გამო, რომ აქვს უნარი გახდეს მოსამართლე, ან ბიზნესმენი, ან სპორტსმენი, ან სახელმწიფო უწყებაში დასაქმდეს და დაბულინგდეს იმიტომ, რომ მას ან გვარი აქვს ისეთი, რომ რომელიღაც თანამდებობის პირის გვარს ემთხვევა, ან ნათესავი ჰყავს, ან სკოლაში ერთად უვლიათ – რა ვქნათ ამ 3,5 მილიონიან ქვეყანაში? საიდან მოვიყვანოთ ის ადამიანები, რომელთაც ამ 3,5 მილიონიან ქვეყანაში არც კლასელი, არც ნათესავი, არც მეგობარი და არც არავინ უნდა ჰყავდეს, ვისთანაც ოდესმე ცხოვრებაში შეხება ჰქონია?! მოდით ნუ დავაბულიგებთ ერთმანეთს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ახლა ძალიან რთულია დადგინდეს ტელევიზიაში გასული ინფორმაცია სიმართლეა თუ ტყუილი და ამას პროკურატურის დასკვნა სჭირდება.

„ჩვენ ასეთი დასკვნები უკვე ვნახეთ და აქედან გამომდინარე გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პანდემიაა და ამ რეჟიმში მთელი რიგი არა მხოლოდ საჯარო, არამედ ყველა სამსახური განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმში იყო გადაყვანილი. აქედან გამომდინარე დასკვნების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.