სასამართლომ 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 35 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 35 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 20 ივნისის ღამეს ლუკა პეტრიაშვილს სამი რეზინის ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი ყბა-სახის არეში.

პეტრიაშვილის უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულის მიმართ სახელმწიფომ არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა. მისი თქმით, ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი პრეცედენტია 20 ივნისის ღამის სხვა დაზარალებულებისთვის.

,,სასამართლომ დაადგინა, რომ ლუკას მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა არამართლზომიერი, არაკანონიერი ქმედებები, რამაც გამოიწვია, როგორც ფიზიკური, ისე მორალური ზიანი და ლუკას შრომისუნარიანობის მოშლა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა კომპენსაცია” –  განაცხადა ბექა ბასილაიამ.