მე რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი, იმ პირსაც დააფარებენ 2 წუთში უპრობლემოდ – მიხეილ სააკაშვილი

„მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველებაო“. მე რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

მისივე განცხადებით, ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს, თუ ხელი არ გაანძრია ქართველმა ხალხმა.

„საუბარი იმაზე, რომ “ამერიკელებმა თუ არ შემოიღეს სანქციები არაფერი გვეშველება” – ამერიკელები არ შემოიღებენ სანქციებს, თუ ხელი არ გავანძრიეთ, „მიშა თუ არ ჩამოვა, არაფერი გვეშველებაო“. მე რა თქმა უნდა, შევასრულებ იმას, რაც ვთქვი, მაგრამ თუ ხელი არ გავანძრიეთ, მიშას აქვს ორი ხელი, ორი ფეხი და ერთი პირი. იმ პირსაც დააფარებენ 2 წუთში უპრობლემოდ. თუ ქართველმა ხალხმა ხელი არ გაანძრია, ვერც მიშა ვერაფერს შველის. ამ ყველაფერს თავისი ლოგიკა აქვს. ამიტომ, ჩვენ დაგვრჩა რამდენიმე დღე იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაცია დაუყოვნებლივ შეიცვალოს.

„საბოლოოდ, არავის რეცეპტი არ აქვს, თუ არა ჩვენ. მარტივია, რას ვაღწევთ. მივდივართ ადგილობრივ არჩევნებზე, რომლის ციფრები წინასწარ დაწერილია, მათ მომზადებული აქვთ მთელი ინფრასტრუქტურა. კომისიის ძალიან ბევრი თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“ აპირებს, რომ თავი მოიავადმყოფოს, ისეთ რაღაცებს გვავალებენ, ადრეც არასდროს ყოფილაო. ძალიან ეშინიათ, რომ ხალხის მობილიზებას ვერ მოახერხებენ. პრაქტიკულად მოუწოდებს ივანიშვილი, რომ არავინ მივიდეს არჩევნებზე, რადგან მაინც არაფერს ცვლისო, ამას იმეორებენ დღეში ასჯერ. ესე იგი, რადგან მათ არ უნდათ, რომ ხალხი მივიდეს, ხალხი უნდა მივიდეს. რადგან ისინი ამბობენ, რომ არაფერს ცვლის, ესე იგი ყველაფერს ცვლის. მათი ენა ზუსტად საწინააღმდეგოდ უნდა გადმოითარგმნოს.

ეს მთავრობა შეიცვლება არჩევნებით, მაგრამ არჩევნებით, რომელიც იქნება საპარლამენტო, რომელიც დაინიშნება იმ არჩევნების შემდეგ, რომელზეც ყველა ერთად უნდა მივიდეთ. რთული კონტრუქციაა, მაგრამ ეს არის ერთადერთი კონსტრუქცია, რომელიც საქართველოს გამარჯვებას მოუტანს“,-აცხადებს სააკაშვილი.