ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ, უწყების დავალებით, შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს.

„ეს იყო ჩვენი დაინტერესება, ჩვენი დავალება, რათა დეტალურად შესწავლილიყო ის ხარვეზები, რომლებიც ჩვენამდე მოვიდა პერსონალის მხრიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპისთვის, კოვიდპანდემიის მართვაში ჩართული 111 კლინიკიდან გამოკვლეულია 110.

დღეიდან, შრომის ინსპექცია სხვა კლინიკებთან დაკავშირებითაც ჩაერთვება ინსპექტირებაში. დღეს ისინი ასევე შევიდნენ რუსთავის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში, სადაც გარკვეული დარღვევები გამოვლინდა ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, სრული სურათი არ გვაქვს, თუმცა, დარღვევები ნამდვილად არსებობს. მას შემდეგ, რაც, კლინიკებთან სრული კომუნიკაციით, შრომის ინსპექცია შეჯერებულ დასკვნას მოამზადებს, ჩვენ ამას გავასაჯაროებთ“, – აღნიშნავს ეკატერინე ტიკარაძე.