ჰქონდა, თუ არა ღარიბაშვილს კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით, ერდოღანთან საუბარი – რას აცხადებს პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკასთან“ დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ღარიბაშვილის თქმით, საქმე ეხება წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას.

ამავდროულად, მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ყველა ინვესტორს შეუქმნიან მაქსიმალურ კომფორტს სახელმწიფოსა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით.

„რაც შეეხება კითხვას, მქონდა თუ არა კომუნიკაცია პრეზიდენტ ერდოღანთან, ჩვენ არ გვქონია ამის თაობაზე კომუნიკაცია, ეს არის წმინდად ინვესტორისა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობა. ჩვენ ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს ბუნებრივია, ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. მინდა, ასევე ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიციები ენერგეტიკის სექტორში და ჩვენ ამ მიმართულებით არავითარ პრობლემას, დაბრკოლებას არ ველოდებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.