პარტნიორი ქვეყნის ელჩებიც მოვლენების შეფასებაში ადეკვატურები უნდა იყვნენ – გულწრფელად ვესაუბროთ, როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია – ზალკალიანი 

ადამიანები, ვინც აქ წარმოადგენენ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩები არიან, ჩვენ მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მეგობრული, მჭიდრო ურთიერთობა. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორი ქვეყნის ელჩებს გულწრფელად ვესაუბროთ, როგორ ვხედავთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკლაინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ელჩებაც მოვლენები აუცილებლად ადეკვატურად უნდა შეაფასონ. ამასთან ზალკალიანი ამბობს, გაერო-ს ასამბლეის ფარგლებში ნიუ იურკში ვიზიტისას საქართველოში მიმდინარე პროცესებსაც თვალყურს ადევნებდა. მისივე თქმით, კომუნიკაცია ჰქონდა კარლ ჰარცელთანაც.

„ყველაფერი არის შესაბამის ფორმებში და ვფიქრობ, იმ რიტორიკაში არ დარღვეულა ფორმა ურთიერთობის. მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში გახლდით, იქიდან ვადევნებდი თვალს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, მქონდა მასთანაც კომუნიკაცია კარლ ჰარცელთან. აუცილებელია, რომ რადგან მეგობრები ვართ, ჩვენ გულწრფელად ერთმანეთს ვუთხრათ სათქმელი, როდესაც არ ვეთანხმებით, ესეც სათქმელია, როდესაც ვეთანხმებით, ესეც აღსანიშნავია.

ვფიქრობ, ისინიც აუცილებლად უნდა იყვნენ ადეკვატური მოვლენების შეფასებაში და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, უნდა იყვნენ ადეკვატური. როდესაც აშკარად არის საუბარი, რომ ერთი მხარე მიდის პროვოკაციაზე, უნდა ითქვას, რომ ეს მხარე, ამ შემთხვევაში არ იქცეოდა შესაბამისად და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, რადგან დარწმუნებული ვარ, ყველაფერს ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, კარგად აფასებენ და ეს ყველაფერი იქნება გამოხატული იმ საბოლოო დასკვნაში, რა დასკვნაც დაიდება არჩევნების შედეგად“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.