ვინც შეეწინააღმდეგება სააკაშვილის დაჭერას, ისიც ციხეში შევა – ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მისი მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს.

„მისი ერთადერთი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც არის მიუღწეველი ოცნება სააკაშვილისა და მისი მკვლელი, მჩაგვრელი გუნდისთვის. დღეს სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და თავის ბანდას არ ეგონოთ, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გადაწყვიტა, გამოაგდეს და ჩამოვიდა, დავუშვათ, რომ ჩამოვიდა ღამე, რა უნდა მოხდეს. ამ მიწაზე, კანონის აღსრულებას წინ ვერავინ აღუდგება და ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინააღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით.

რა თქმა უნდა, სააკაშვილი არის მსჯავრდებული, იგი იმსახურებს ციხეს, იმიტომ, რომ მან გამოუსწორებელი შედეგები, ზიანი მოუტანა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას. ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს, არის, რა თქმა უნდა, სრული სიცრუე და სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5 000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს და ჩვენ გვკითხონ, რამდენი ადამიანის, რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია ჩვენს გუნდს. ზოგადად ვამბობ, რომ სააკაშვილს დახვდება ასი ათასობით ადამიანი, მასზე გაბრაზებული, გამწარებული ადამიანი. ხალხის შეცდომაში შეყვანას აპირებენ და ცდილობენ, რომ რაღაც ერთგვარი არეულობა, დაბნეულობა შემოიტანონ. ძალიან მარტივი პასუხია, სახელმწიფო გასცემს პასუხს. სააკაშვილი, როგორც კი შემოვა ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე შემოდგამს ფეხს, იმავე წამს იქნება დაკავებული და შებრძანებული ციხეში. ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, ყველა ადამიანი დაისჯება უმკაცრესად, კანონის ფარგლებში“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება.