მარინა კალიურანდი – დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ

ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის და ევროპარლამენტის წევრის, მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოს დემოკრატიული იმიჯის გასამყარებლად ყველა წამყვანმა პოლიტიკურმა ძალამ არჩევნებამდე უნდა დადოს პირობა, რომ ეუთო/ოდირის და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებს აღიარებენ.

როგორც კალიურანდი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის გარანტია იქნება.

„ევროპარლამენტს 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვების საშუალება არ ჰქონდა. თუმცა, წლევანდელ არჩევნებზე ვგეგმავთ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში ჩასვლას და არჩევნებზე დაკვირვებას. რა მოლოდინი გვაქვს? ჩვენც იგივეს მოველით, რასაც სხვები – თავისუფალ, სამართლიან და ღია არჩევნებს. საქართველოში უკვე ერთი წელია პოლიტიკური კრიზისი მიმდინარეობს. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ქვეყანას სჭირდება მკაფიო პოლიტიკური ლიდერშიპი და როგორც მე ვხედავ, ქვეყანას სჭირდება ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მკაფიო პოლიტიკა.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სიტუაცია გართულდა. სამწუხაროდ, ქართულმა ოპოზიციამ მაშინ არ აღიარა არჩევნების შედეგები, საერთაშორისო დამკვირვებლების შედეგები და განსაკუთრებით, ეუთო/ოდირის შეფასებები. ამან კი შედეგად ის მოიტანა, რომ საქართველოში უკვე ერთი წელია პოლიტიკურ სტაბილურობა არ არსებობს. ჩვენ ყველა რთულ პერიოდს გავდივართ – მიმდინარეობს კოვიდ პანდემიის კრიზისი, ეკონომიკური კრიზისი, ევროპა თავად განიცდის საკუთარ პრობლემებს. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ პოლიტიკური სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებს ამ ერთი წლის განმავლობაში. შარლ მიშელის დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიების და მთავრობის მიერ ხელის მოწერის შემდეგ, ერთგვარი ოპტიმიზმი იგრძნობოდა. აქაც, სამწუხაროდ, ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

ამის შედეგად კი პოლარიზაცია ყოველკვირეულად ღრმავდებოდა და ღრმავდებოდა. დღეს კი პოლარიზაცია ყოველდღიურად და ზოგჯერ საათობრივად ღრმავდება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ძალადობა და რომ ქვეყანა შეძლებს ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და მშვიდობიანი არჩევნები. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა კალიურანდმა.

მისივე შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში რთული და კრიტიკულია; მაგრამ საქართველო ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ძალიან პოლარიზებულია.

„პოლიტიკური ძალები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მე ვუსმენ „ქართულ ოცნებას“ და ისინი ოპოზიციას სდებენ ბრალს, ვუსმენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ისინი „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებენ. ყველა ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. მე, როგორც საქართველოს მეგობარი ესტონელი და ევროპის პარლამენტის წევრი, ვამბობ, რომ დაძაბულობა უნდა შემცირდეს. ყველას მიზანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უნდა იყოს.

გთხოვთ, დროა დააფიქსიროთ თქვენი ერთგულება არჩევნების შედეგების აღიარების მიმართ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დამკვირვებლები შედეგებს დაადასტურებენ. ეს დიდი ნაბიჯი იქნება, რომელიც გასცდება პარტიულ თამაშებს და ინტერესებს. პოლიტიკოსები უნდა გამოვიდნენ და თქვან, რომ დიახ, თუ „ოდირის” დამკვირვებლები აღიარებენ არჩევნების შედეგებს, რა შედეგებიც არ უნდა მიიღოს ამა თუ იმ პარტიამ, რომ ისინი ამ შედეგებს აღიარებენ. ეს იქნება პოლიტიკური სტაბილურობის გარანტია. სტაბილურობა საქართველოს დღეს ძალიან სჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკოსებმა ქვეყნის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დღევანდელის ნაცვლად ხვალინდელ დღეზე იფიქრონ, სახელმწიფოებრივად მოიქცნენ და არჩევნების შედეგების აღიარების პირობა არჩევნებამდე დადონ. ასევე, რა თქმა უნდა, უნდა ვახსენო შარლ მიშელის შეთანხმებაც. ის არსად გამქრალა. ევროკავშირმა და ევროპის პარლამენტმა მკაფიოდ თქვეს, რომ მას შემდეგაც, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმებიდან საკუთარი ხელმოწერა მოხსნა, ჩვენ ყველა მხარისგან, ყველა პოლიტიკური პარტიისგან მოველით მისი პირობების და შეთანხმების განზრახვის შესრულებას“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.

კალიურანდი ინტერვიუში ასევე საუბრობს ევროკავშირის ელჩის მოსმენაზე და ამბობს, რომ ბრიუსელი ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

„გარდა კანონიერი საჭიროების შემთხვევებისა, ასეთი მოსმენები მიუღებელია. საინტერესოა ის, რომ ერთი კვირის წინ ევროპის პარლამენტში „პეგასუსის“ საქმეზე გვქონდა დისკუსიები და ვსაუბრობდით იმაზე, თუ რამდენად უპატიებელია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უკანონო თვალთვალი და რამდენად დიდ დარტყმას აყენებს ეს დემოკრატიას. იგივე შემიძლია ვთქვა საქართველოზეც. იმ ადამიანებმა, რომლებიც ამაში დამნაშავეები არიან, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ. არ არსებობს არანაირი გამართლება იმისა, რომ ვინმემ საქართველოს პოლიტიკოსებზე თუ ევროპელ დიპლომატებზე იჯაშუშოს. ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით სათანადო ზომებს მიიღებს და საქართველოს მთავრობას სთხოვს იპოვოს დამნაშავეები და მას პასუხი აგებინოს.

ამ ეტაპზე რთულია ჩემთვის რაიმე კონკრეტული ვთქვა, რადგან ეს მხოლოდ სპეკულაცია იქნება. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი ნაბიჯი ბრიუსელში საქართველოს ელჩის ევროკავშირის სათაო ოფისში განმარტებების გასაკეთებლად გამოძახება იყო. ახლა ევროკავშირი ელოდება იმაზე დამატებით განმარტებებს, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვინა არის ამაზე პასუხისმგებელი და რის გაკეთებას აპირებს საქართველოს მთავრობა ამ საქმესთან დაკავშირებით. იმიტომ რომ, ეს ასე, დამატებითი ნაბიჯების და პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე ვერ ჩაივლის. საქართველოს მთავრობამ უნდა გაარკვიოს რა მოხდა რადგან საქართველო დემოკრატიაა და მთავრობამ დემოკრატიის ასეთ დარღვევაზე რეაგირება უნდა გააკეთოს“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

კალიურანდი ქართულ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მან საქართველოში პოლარიზაციის შემსუბუქებას მაქსიალურად ხელი უნდა შეუწყოს, ამასთან, პროვოკაციები არ დაუშვას.

„ერთი კვირის წინ, ბატონ სააკაშვილს ბრიუსელში შევხვდი, სადაც ის ევროპარლამენტის სხვა წევრებსაც ხვდებოდა. მე მასთან ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ გამოიყენოს საკუთარი ძალა და პოლიტიკური კაპიტალი იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია შემსუბუქდეს და რომ არ დაუშვას არანაირი პროვოკაცია, რომელიც პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს. ეს იყო მესიჯი, რომელიც ბატონ სააკაშვილთან გავაჟღერეთ“, – განაცხადა კალიურანდმა.