შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე: არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში

მე არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა კითხვას, ხომ არ მოუწევს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების შემდეგ მისი მალევე გათავისუფლება, როგორც ეს ნიკა მელიას შემთხვევაში მოხდა.

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი. კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს 3 წელი, ხოლო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მისჯილი აქვს 6 წელი. გარდა ამისა, ორი საქმე – 8 მილიონის გაფლანგვის და „ტელეიმედის“ საქმეები სასამართლო განხილვის პროცესშია. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ექნება კითხვები სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის საქმეებზე გამოტანილი განაჩენების აღსრულებასთან დაკავშირებით. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებსაც. იქ პირდაპირ არის საუბარი სააკაშვილის ბრალეულობაზე და, რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც. მე არ მგონია, რომ რომელიმე საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეზე სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 ოქტომბერს ბრუნდება.