ელენე ხოშტარია სააკაშვილზე: ის დიდი ფიგურაა, ვიღაცას უყვარს – ვიღაცას არა, არჩევნები ვის ვინ უყვარს იმაზეა?

„არის უამრავი ადამიანი, რომლებიც მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილს და მისი ჩამოსვლა მათი საქმეა“, – აღნიშნულის შესახებ პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, 2 ოქტომბერი არის კოალიციური შეთავაზების არჩევნები.

„ასევე არსებობს ხალხი, ვისაც „ქართული ოცნება“ უნდა და აბა ვინმეს მოუტრიალდეს ენა. ჩვენ როცა მთავრობაში მოვალთ და ვინმემ, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს, არავის ამის უფლებას არ მივცემთ, იმიტომ რომ ხალხის დაყოფა ამომრჩევლებად არის კატასტროფა და გახლეჩა.

არის ამომრჩეველი, რომელსაც არ უნდა მიხეილ სააკაშვილი, ის დიდი ფიგურაა, ვიღაცას უყვარს – ვიღაცას არა, არჩევნები ვის ვინ უყვარს იმაზეა?

არჩევნები არის – ვის ვირჩევთ, მრავალფეროვანი არჩევანი უკვე შემდგარია, ამიტომ 2 ოქტომბერი არის კოალიციური შეთავაზების არჩევნები. ვერაფრით ეს ვერ გადაიფარება, ეს არის საქართველოს მომავალი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საღამოს აპირებს. მისი თქმით, თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.