ნათია მეზვრიშვილი – დაველოდოთ და ჩვენი დღის წესრიგით იხილავთ ბატონ გახარიასაც და მის პოზიციონირებას ბევრ საკითხთან დაკავშირებით

გიორგი გახარია გახლავთ საქმის პოლიტიკოსი. ის ამას ამტკიცებდა ყოველთვის, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ის ამ პრინციპით მოქმედებდა, მათ შორის ოპოზიციაში, – ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ ჩანს და არ აქტიურობს გიორგი გახარია.

მისი თქმით, არ შეიძლება, რომ 24 საათი ქვეყანაში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და წარსულზე საუბრობდნენ და მთავარი საქმეა და არა საუბარი.

„ჩვენ არასოდეს არ გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა, ჩვენ მივყვებით ჩვენს დღის წესრიგს. გიორგი გახარია გახლავთ საქმის პოლიტიკოსი. ის ამას ამტკიცებდა ყოველთვის, როდესაც იყო ხელისუფლებაში და ის ამ პრინციპით მოქმედებდა ყოველთვის, მათ შორის ოპოზიციაში.

რასაც დღეს ვხედავთ, იგივე პოზიციონირება საკრებულოებთან დაკავშირებით, ეს არის საქმის შედეგი. ეს არის პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მონაწილეობით და ასე შემდეგ. როდესაც პარტია ჩათვლის საჭიროდ, რომ აუცილებელია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით პარტიის ლიდერის, მაინც და მაინც პარტიის ლიდერის პოზიციონირება, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პარტია გაჩერებულია. დაველოდოთ და ჩვენი დღის წესრიგით იხილავთ ბატონ გახარიასაც და მის პოზიციონირებას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მე არ ვფიქრობ, რომ საუბარია განმსაზღვრელი, საქმეა განმსაზღვრელი.

არ შეიძლება, ქვეყანამ 24- საათიან რეჟიმში იცხოვროს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგით. ამაზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. არ შეიძლება, 24- საათიან რეჟიმში ვისმენდეთ საუბრებს წარსულზე, ვიქექებოდეთ წარსულში, მერე გამოდიოდეს „ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი და ამაზე კომენტარებს აკეთებდეს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.