სამწუხაროა, რომ ინვესტორს ზოგჯერ ღალატობს მოთმინება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, „ნამახვანჰესის“ პროექტის განხორციელების საერთო ნიშნულამდე მივალთ – ნათია თურნავა

საქართველოს ეკონონიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის „ნამახვანჰესის“ პროექტი მნიშვნელოვანია და ამ პროექტის ერთგული რჩებიან.

თუმცა, თურნავას თქმით, ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან, ისმის კითხვები გარემოსდამცველებისგან, შეიძლება, მეტად სრულყოფილი იყოს. მინისტრის განმარტებით, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ხელისუფლების მცდელობა.

„ნებისმიერი ჩვენი საჯარო განცხადებები, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, როცა ენგურჰესს ვესტუმრეთ, იყო ძალიან მკაფიო – ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული განვითარებისთვის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოებისთვის „ნამახვანჰესის“ პროექტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროექტების ერთგული ვრჩებით. თუმცა, ნებისმიერი პროექტი, რომელიც აწყდება წინააღმდეგობას მოსახლეობის მხრიდან, კითხვებს გარემოსდამცველებისგან, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს მეტად სრულყოფილი, სწორედ აქეთკენ იყო მიმართული ჩვენი მცდელობები.

სხვათაშორის, ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. მსგავსი ტიპის დიდი პროექტები სხვა ქვეყნებშიც აწყდება გარკვეულ წინააღმდეგობას და განსაკუთრებული არაფერია იმაში, რომ პროცესში პროექტი შეიძლება, მეტად სრულყოფილი იყოს. სწორედ ამისკენ არის ჩვენი ყველა მცდელობა – მედიაცია, დამატებითი კვლევები, რომ პროექტი მეტად უსაფრთხო და განხორციელებადი გახდეს. სამწუხაროა, რომ ინვესტორს ზოგჯერ ღალატობს მოთმინება, მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, ამ პერიოდში ერთობლივად შევძლებათ იმას, რომ მივალთ პროექტის განხორციელების საერთო ნიშნულამდე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კომპანია „ენკა რინიუებელზი“, რომელსაც „ნამახვანჰესი“ უნდა აეშენებინა, აცხადებს, რომ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს.