ნიკოლა სარკოზის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას უფლება ეძლევა, სასჯელი შინაპატიმრობაში, ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მოიხადოს

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის  2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონო დაფინანსებისთვის ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.

ნიკოლა სარკოზის უფლება ეძლევა, სასჯელი შინაპატიმრობაში, ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ მოიხადოს.

თავად სარკოზი განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა და მის უფლებებს სასამართლოზე ადვოკატი ტიერი ჰერცოგი წარმოადგენდა.

ადვოკატის თქმით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებაში ედებოდა ბრალი. პროკურატურის მტკიცებით, ნიკოლა სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ საარჩევნო კამპანიისთვის 22.5 მილიონი ევრო დახარჯა, რაც საარჩევნო კანონმდებლობით, დაშვებულს ორჯერ აღემატება.