,,თურქეთი სამხრეთ საზღვრებზე სამხედრო ოპერაციებს დაიწყებს” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მალე დაიწყებს ახალ სამხედრო ოპერაციებს სამხრეთ საზღვრების გასწვრივ ამ რეგიონებიდან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ერდოღანის თქმით, სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი იქნება, შეიქმნას 30 კილომეტრი სიღრმის (20 მილი) უსაფრთხო ზონები თურქეთის საზღვრის გასწვრივ სირიასთან.

„ჩვენ მალე გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს იმ პროექტის არასრულ ნაწილებთან დაკავშირებით, რომელიც დავიწყეთ 30 კილომეტრიანი სიღრმის უსაფრთხო ზონაზე, რომელიც ჩვენ სამხრეთ საზღვრის გასწვრივ დავამყარეთ…ამ ოპერაციების მთავარი სამიზნე იქნება ტერიტორიები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში თავდასხმის ცენტრებს და უსაფრთხო ზონებს წარმოადგენენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ერდოღანს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ დასძინა, რომ ოპერაცია დაიწყება როგორც კი სამხედრო, დაზვერვისა და უსაფრთხოების ძალები მზადებას დაასრულებენ.